top of page

იარე წინ! წარმატებას  ზედა ზღვარი არ აქვს...

     მისია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ყოველ წელს ახალ ამოცანას ვუყენებთ საკუთარ თავს.

   ქვემოთ მოყვანილი ტექსტი ამონარიდია წინა წლის სტატიიდან, რომელიც ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნდა.

   „მასწავლებლობა პროფესია არაა მოწოდებააო, მოვისმინე ამას წინათ სადღაც და სრულად დავეთანხმე, თუ თითოეული პედაგოგი კარგად გაიაზრებს საკუთარ როლს სახელმწიფოს წინაშე, საკუთარ პასუხისმგებლობას თითოეული ბავშვის წინაშე იქნებ საშველიც გამოჩნდეს.

    საიდან დავიწყოთ? -ურთიერთობებიდან. ხშირად ვიწონებთ თავს ჩემმა მოსწავლემ წარმატებას მიაღწია ამა თუ იმ სფეროში, ჩემმა მოსწავლემ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება და ჩაირიცხა ამა თუ იმ უნივერსიტეტში, ეს ყველაფერი კარგი და მისასალმებელი მაგრამ რამდენმა მოსწავლემ ვერ მიიღო გრანტი? რამდენი ვერ ჩაირიცხა და უფრო მეტიც რამდენი დაგვრჩა საერთოდ შეუმჩნეველი? ვფიქრობთ კი ამ საკითხზე, არადა იქნებ იმ სხვასაც უფრო მორიდებულს და უფრო შეუმჩნეველს უნდოდა საკუთარი ნააზრევი გაეზიარებინა ჩვენთვის, იქნებ კიდევ რამდენი წარმატებული ადამიანის „შექმნა“ შეგვეძლო ცოტა მეტი გულისხმიერება რომ გამოგვეჩინა? თუკი ჩვენმა მოსწავლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა, განა ჩვენ არ ვართ მათ საქციელზე პასუხისმგებელი? იქნებ გაუცხოებამდე ჩვენ დავუშვით შეცდომა, იქნებ ჩვენ ვერ შევნიშნეთ მისი ავი ზრახვა. იქნებ შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა? ჩვენ ხომ წარმატებული მოსწავლეების გარდა წარუმატებლების მასწავლებიც ვართ?

გადავხედოთ ჩვენს მოსწავლეებს დავფიქრდეთ თითოეულ მათგანზე, ვის რა დავაკელით კარგად გავიაზროთ და შევცვალოთ მიდგომა, მოვუსმინოთ და ვეცადოთ მოვიპოვოთ მათი ნდობა, თუ თითოეული მათგანისგან წარმატებულ და საამაყო ადამიანს ვერ მივიღებთ, იქნებ ის მაინც შევძლოთ გულწრფელი, თავისუფლად მოაზროვნე კარგი ადამიანები აღვუზარდოთ სამშობლოს, თავიდანვე შევაგუოთ ბავშვებიც და საკუთარი თავიც აზრს, რომ ყველა გენიოსი ვერ იქნება. ქვეყანას კი კარგი მოქალაქეები სჭირდება.... ჩვენ დავიწყოთ, დავიწყოთ საკუთარი თავებიდან ცვლილებები და საშველიც გზად წამოგვეწიოს ეგებ...“

ვფიქრობ წინა წელს დაყენებულ ამოცანას წარმატებით გავართვით თავი, ვისწავლეთ და გავიზარდეთ მოსწავლეებთან ერთად, იყო პრობლემები, შეცდომებიც იყო, ხშირად გვიწევდა ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ  ჩვენ შევძელით. დავაგროვეთ გამოცდილება, რამაც ახალი ამოცანები დააყენა გადასაჭრელად.

     წელს რა იქნება ჩვენი პრიორიტეტი? ბავშვის, მოზარდის აღზრდაში თანაბრად იღებს მონაწილეობას სკოლა და ოჯახი, მშობლებთან  თანამშრომლობა და მათი ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შედეგის მისაღწევად. ეს ურთულესი ამოცანა ბევრი კომპონენტისგან შედგება, ბევრ დაკვირვებას, უდიდეს ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს, რომ ბავშვს შევუქმნათ ჯანსაღი გარემო აღზრდა-განვითარებისთვის. ვიყოთ მოზარდისთვის არა“ მაკონტროლებელი ორგანო“, არამედ მის ინტერესებზე ორიენტირებული გუნდი, დავეხმაროთ მოზარდს პრობლემების დაძლევაში და შევუქმნათ ყველა პირობა, თავად მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო ცენტრი "გეო"

მისამართი: გორი, სააკაძის ქუჩა #35

ტელეფონი:  0 (370) 27 28 17

                       0 (370) 27 08 20

                            574 19 82 94

ელ.ფოსტა: saswavlocentrigeo@gmail.com

 

 

შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა.

შემოგვიერთდით: 

  • Facebook Social Icon
bottom of page